როცა დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კრემლმა დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ამის შემდეგ კი შეთანხმდნენ "ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან" ფრენების განახლებაზე.
ლავროვს ინტერვიუ ჰქონდა "ტასთან" სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. ლავროვმა თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან რუსეთს არ გაუწყვეტია.
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ [საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი", - თქვა ლავროვმა.