დედაქალაქის მასშტაბით 119 დაუსრულებელი მშენებლობაა აღრიცხული
დედაქალაქის მასშტაბით 119 დაუსრულებელი მშენებლობაა აღრიცხული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის მთავრობამ დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემების მოკვლევა და მისი გადაწყვეტისთვის შესაბამისი გზების ძიება 2018 წელს დაიწყო და 179 დაუსრულებელი მშენებლობა აღირიცხა. უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის აღრიცხული დაუმთავრებელი მშენებლობიდან 60-ზე, მერიას შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქვს მიღებული, 5 სამშენებლო ობიექტზე კი აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო.
თუ რასგულისხმობს მერიის მხრიდან დაუმთავრებელ მშენებლობებთან მიმართებით შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები, დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ მერია კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდას ან სანაცვლოდ, ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობს.
“თბილისის მერია ერთადერთი შემთხვევაში გასცემს თანხმობას K [მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი] კოეფიციენტის ზრდაზე (ეს ეხება მხოლოდ დაუსრულებელ მშენებლობებს) - თუ ინვესტორი დაინტერესდება კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობით და მოკიდებს ხელს მის მშენებლობას, მერია მისცემს უფლებას, გაზარდოს K კოეფიციენტი ან სანაცვლოდ სხვა ტერიტორიას შესთავაზებს, რომელსაც ინვესტორი გამოიყენებს, რა თქმა უნდა, იმ ხარჯების დასაფარად, რა ხარჯებსაც გასწევს. შექმნილია დაუსრულებელი მშენებლობების კომისია, რომელსაც მერის მოადგილე ხელმძღვანელობს. ამ კომისიაზე გადის ყველა პრობლემური საკითხი. დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფები მიმართავენ კომისიას და მათთან შეთანხმებით, მათი აბსოლუტური ჩართულობით ხდება ყველა პროცედურის გავლა - შეხვედრა ინვესტორებთან, მათთან მოლაპარაკებები”, - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.