Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურადაა განწყობილი - თინა ბოკუჩავა
Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპოზიციურმა პარტიებმა კაპიტალიზება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი პროსახელისუფლებო რესურსს აღემატება.
„სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე არა ერთ ან ორი თვით ადრე, არამედ ერთი წლით ადრე საარჩევნო შტაბს ქმნის. გამოვკვეთეთ შტაბის ხელმძღვანელი და აქტიურ მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რომელიც პროსახელისუფლებო რესურსს გაცილებით აღემატება.
ყველაზე მნიშვნელოვანია ამომრჩეველში გამარჯვების რწმენის გაჩენა - რა წამს გამარჯვებას ირწმუნებენ, მოხდება მათი ხმების კონსოლიდაცია რუსული რეჟიმის დასამარცხებლად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.