"ვასწავლიდი და ვიცნობდი, კარგი ბავშვი არის და გამიკვირდა, ნამდვილად...“ - პედაგოგი გოგონაზე, რომელსაც თანატოლები აბულინგებდნენ
ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის - იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლს, თვითდაზიანებისკენ უბიძგეს. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.
არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით... ვასწავლიდი და ვიცნობდი, რა თქმა უნდა, ხალისიანი, კარგი ბავშვი არის და გამიკვირდა, ნამდვილად, რომ ვნახე," - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი
შეგახსენებთ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.