ჩოხატაურში 23 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მკვლელობა 28 სექტემბერს მოხდა. მოკლული ახალგაზრდა 23 წლის ავთანდილ სიხარულიძეა. დანაშაულში ბრალდებული ადგილობრივია 27 წლის შოთა სიხარულიძე, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრე გათავისუფლდა.
როგორც ირკვევა ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორის კამათი წინა დღეს ავთანდილ სიხარულიძის დაბადების დღეზე დაიწყო. დავაში ჩართულმა 23 წლის ბიჭმა კონფლიქტს თავი აარიდა და შინ წავიდა, თუმცა მას ბავშვობის მეგობარი მეორე დღეს ქუჩაში დახვდა და დანით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაულს რამდენიმე მოწმე ჰყავს. დაჭრილი კლინიკაში მეგობრებმა მიიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.