მალარიის ეპიდემია ეთიოპიაში - დაიღუპა 36 ადამიანი
ეთიოპიაში მალარიის ეპიდემია გამოცხადდა. დაავადებამ ბოლო ორ თვეში დაახლოებით 36 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
კოღოებით გადამდები დაავადება ორომორიის 16 რაიონში ფიქსირდება. დაავადების მასშტაბი წინა წელთან შედარებით 168%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, მედიკამენტების და ჟანგბადის დეფიციტია. ოფიციალური პირები გარდაცვლილების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დახმარება ესაჭიროებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ჯანდაცვის ცენტრები გაძარცვულია, რაც ადგილობრივების საჭირო აღჭურვილობით მკურნალობას ართულებს. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ეთიოპიაში გასულ თვეს ქოლერის აფეთქებაც მოხდა, რამაც დაახლოებით 200 ადამიანი იმსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ეთიოპია აფრიკის ერთ-ერთი დაბალგანვითარებადი ქვეყანაა. ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიამ (EHRC) გასულ კვირას გამოაცხადა, რომ სულ მცირე 30 ადამიანი შიმშილისგან გარდაიცვალა.