სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებს ხვდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები "აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ინალ არძინბასთან, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ალან გაგლოევთან და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ახსარ ჯიოევთან".
უწყების განმარტებით, დღის წესრიგში შედის "ორმხრივი ურთიერთობების" აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.
"ორმხრივი შეხვედრების დროს მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2024-2025 წლების კონსულტაციების გეგმებს ", - აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.