თეგებით ძიება

ძალიან ცუდ განცდებში ვარ, ასე არ უნდა გაგრძელდეს - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე?

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტ-საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებზე თავისი მოსაზრება ქართული სცენის ლეგენდამ, მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ „კვირის პალიტრას“ გაუზიარა.

- რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ პოლიტიკას ხელოვნებასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს. ის აკეთებს თავის საქმეს, ეს - თავისას... პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ხელოვნებას და, საერთოდ, ხელოვან ხალხს!

ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, უნიჭიერესი ხალხით... აი, ეს ნიჭი უნდა აღმოცენდეს, შემოქმედებას, შემოქმედებით პროცესს ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. მე ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულება არასწორია. სასურველი არ არის კულტურის სფეროში პოლიტიკის ასე ღრმად შესვლა. სად ვინ უნდა დაინიშნოს, როგორი პედაგოგი იყოს და ასე შემდეგ... ამა თუ იმ სახელოვნებო დაწესებულებაში ეს თვითონ უკეთესად არ იციან?!

მე არ ვარ პოლიტიკოსი, არასოდეს ვერევი და, საერთოდაც, არ ვიცი, პოლიტიკაში რა ხდება... ხომ მართალს ვამბობ?

- დიახ...

- ჰოდა, შენ შენი ადგილი უნდა გქონდეს, როცა კულტურას ემსახურები! თუ ნიჭიერი და ძლიერი ხარ, შენი აზრიც უნდა გაითვალისწინონ...

ძალიან შემაწუხებელი და არასასიამოვნოა ის, რაც, მაგალითად, კონსერვატორიასთან დაკავშირებით ხდება... უდიდესი ტრადიციების მქონე ინსტიტუტია, იქ არასოდეს ყოფილა ასეთი შემთხვევა - დღეს რომ ხელოვანი ხალხი ქუჩაში გამოდის... ვიმეორებ, არ მომწონს ეს ფორმა! იქ ხომ ყველა მუსიკოსია?!

მუსიკა ეს ისეთი რამეა, ყველაფერში რომ გშველის. ოპერაციების დროსაც კი ურთავენ, ადამიანი რომ დაწყნარდეს. ისე მოქმედებს, გაწყნარებს და გაშფოთებს კიდეც, ოღონდ კარგი გაგებით. ამას ხელი არ უნდა შეეშალოს. პირიქით, ხელოვან ხალხს მოფერება უნდა და კიდევ უფრო და უფრო კარგ შემოქმედებას შექმნიან...

ჩემი აზრი ეს არის და მგონია, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს. ძალიან ცუდ განცდებში ვარ, რადგან ვხედავ, ყველა ერთმანეთს ერჩის და ამაზე საშინელება არაფერია.

 

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი წარდგა... მისი მწვავე კრიტიკა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ხელოვნებს და ხელოვნებათმცოდნეებს, კონსერვატორიის მმართველობას შეეხო... მალევე კი შემდეგი განცხადება გავრცელდა: „საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა"... ყველაფერ ამას, ხელოვანთა პროტესტი მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა