„სააკაშვილის მთავრობა იყო ბევრად უფრო დემოკრატიული“ - ფადი ასლი
ბიუროს გადაწყვეტილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან კარიკატურულად მიმაჩნია ის, რომ ის ხალხი, ვინც 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს ქალაქს კარვებით რამდენიმე თვე პარალიზებას უკეთებდა, ახლა იღებენ კანონს, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების დროს კარვების დადგმას.
ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობა იყო ბევრად უფრო დემოკრატიული, ვიდრე ივანიშვილის დისნეი ლენდის მთავრობა“ - წერს ასლი.
ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.