"ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი" - 5 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია დაანონსდა
საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ხვალ, 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან.
აქციაზე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს გააპროტესტებენ. ორგანიზატორების თქმით, "რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის" დამტკიცებას.
"ქართული ოცნების შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აკრძალებათ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია კანონდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება. ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი. რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი", - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.