საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება
საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება - პარლამენტმა „სურსათის ბანკის“ შექმნის შესახებ კანონი მიიღო. საუბარია, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტმა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 73 ხმით მიიღო.
„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.
აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მათ შორის გულისხმობს ქვეყანაში სურსათის ბანკის შექმნასაც. კერძოდ, სისტემა გულისხმობს ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც იძლევა საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავე დროს შემცირდეს სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სურსათის ნარჩენების შემცირებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.
კანონპროექტის მიღებით იქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე, სურსათის დანაკარგებისა თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულობის საკითხს დაარეგულირებს.
კანონპროექტი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მომზადდა,“- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.