უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა - კახა კალაძე ასლან ბჟანიას განცხადებაზე
„აღნიშნული გადაწყვეტილება შემაშფოთებელი და მძიმეა“, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.