პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბექა გრიგორიადისი დააკავეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.
პარლამენტში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავენ. ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.