თეგებით ძიება

ვინ იყო „განგსტერად შერაცხული“ ქართველი ქალი, რომლის გარდაცვალებაც დღემდე ბურუსით მოცული დარჩა?

60-იანი წლების თბილისი მედიკო მებურიშვილის გარეშე წარმოუდგენელია. ის დედაქალაქში პირველი გოგო იყო, რომელმაც წითლად შეიღება თმა, ჩაიცვა ჯინსი... მან ბევრი რამ გააკეთა პირველმა თბილისში და საზოგადოებამაც არ დაიშურა მის მიმართ იარლიყები. ერთ-ერთი ასეთი იარლიყი კი ახალგაზრდა გოგონას "განგსტერად შერაცხვა" აღმოჩნდა...

რუსთაველის ასახვევში, მეცნიერებათა აკადემიასთან, იდგა “შახტიორების სახლი”. სპორტული მაღაზია იყო შიგ. ამ მაღაზიის ბოლოში უნდა აგეხვიათ, საიდანაც აღმართიანი ქუჩა იწყებოდა. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა მედიკო.

სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. უკრავდა როიალზე, განსაკუთრებით თანამედროვე კომპოზიციებს…

მედიკო სულ ახალგაზრდა, 21 წლის, გარდაიცვალა.

სინამდვილეში რა მოხდა, დღემდე არავინ იცის. ქალაქში ხმა დაირხა, მედიკო მებურიშვილი თერთმეტსართულიანის ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო. ექსპერტიზაზე კი მის ახლობლებს ჩუმად უთხრეს: “ამ საქმეს მიხედეთ, თავში აქვს ჩარტყმული”.

სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის ქალბატონი – მანანა მგელაძე გაასამართლეს, რომელმაც მედიკო შინიდან გაიყვანა. ის ორი ვაჟი არ გამოცხადებულა. მანანას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს მაღაზია “ციცინათელაში” დაიწყო მუშაობა. ახლობლები კიდევ მეტად დააეჭვა ამ ამბავმა.„ციცინათელა” ვალუტის მაღაზია იყო, სადაც უცხოელებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის საუკეთესო უცხოური საქონელი იყიდებოდა. ასეთი მაღაზია საბჭოთა საქართველოში უშიშროების სამსახურის გარეშე ვერ იარსებებდა.

გამოძიების სწორად წარმართვა მეგობრებისა და ოჯახის ძალებს აღემატებოდა. მედიკოს, როგორც ქალაქში ულამაზეს გოგონას, სამთავრობო დელეგაციებს ხშირად აეროპორტში ახვედრებდნენ. იქნებ რამეს შეესწრო და არასასურველ ინფორმაციას ფლობდა? ეს არავინ იცის. დღემდე საიდუმლოდ დარჩა.

თეთრ კუბოში ჩასვენებულ, თეთრი კაბით შემოსილ, მარმარილოსავით პირთეთრ გოგონას, უკანასკნელ გზაზე მთელი თბილისი მიაცილებდა. 1968 წლის 14 აპრილს 21 წელი უნდა შესრულებოდა. 10 აპრილს დაკრძალეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა