თეგებით ძიება

საბავშვო ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო სანახაობა რუსთავში

რუსთავის აკადემიური ქალაქის დამფუძნებელმა, პედაგოგმა გარი ჩაფიძემ ჩამოწერილი სამგზავრო თვითმფრინავი ЯК-40 რუსთავის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასართობად აქცია. თვითმფრინავში თამაში საათობრივადაა დაგეგმილი და აღსაზრდელების დღის განრიგში შედის. თვითმფრინავში თამაშისას ბავშვებს შეუძლიათ გადართონ ბერკეტები, ატრიალონ შტურვალი, გაიკეთონ ყურსასმენები და „შეამოწმონ“ საბორტო სისტემები.

- როგორ გაჩნდა იდეა, თვითმფრინავში საბავშვო ბაღი გაგეკეთებინათ და როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავი თქვენს ტერიტორიაზე?

- ეს არის კომერციული საიდუმლოება, თუმცა გეტყვით ერთ რამეს - მე ძალიან ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ, სადაც ვკითხულობ ლექციებს. ყოველთვის თან დამყავს ჩემი მეუღლე და შვილი. ჩემი შვილი, საბა ორი წლის იყო, როცა მოვფრინავდით პარიზიდან. ფრენის დროს დაინტერესდა, რა ხდებოდა იმ ადგილას, სადაც მფრინავები იმყოფებოდნენ. დაიწყო ტირილი და აღარ გაჩერდა. ერთ-ერთმა სტიუარდესამ გამოიჩინა გულისხმიერება და შეიყვანა კაბინაში. იქიდან ძალიან ბედნიერი და დამშვიდებული გამოვიდა. დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, სადაც, როგორც საბას, ისე სხვა ბავშვების ინტერესს დავაკმაყოფილებდით, ამასთან, იქნებოდა განსხვავებული და საინტერესო. იდეა ერთი იყო, მაგრამ განხორციელება ძალიან რთული. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ამ თვითმფრინავს ძალიან გაუმართლა. ყველა თვითმფრინავი ჯართში ბარდება, ეს არ ჩაბარდა ჯართში და შეიძინა მეორე სიცოცხლე, ემსახურება ისეთ VIP კლიენტებს, როგორებიც არიან ბავშვები.

როგორც გითხარით, ეს არის ჩემი იდეა და მაქვს დაპატენტებული. ჩვენ მერხებიც კი განსაკუთრებული გვაქვს. ჩემი მშობელი ბაღში მუშაობდა და ალბათ ეს იყო ჩემი ამომავალი წერტილი. სულიერი მიჯაჭვულობა იმდენად დიდია შვილსა და მშობელს შორის, როცა მშობელი მას ტოვებს, ბავშვი აუცილებლად ტირის, აღგზნებული და ანერვიულებულია. მინდოდა ეს პრობლემა დამეძლია, არ ეტირათ ბავშვებს ბაღში მოსვლის დროს. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ამას მივაღწიეთ, მაგრამ ბავშვის ტირილი ვერ ავიცილეთ, რომ მიდიან ბაღიდან, მაშინ ტირიან (იღიმის). არ უნდათ ხოლმე ბაღიდან წასვლა. თავის უზარმაზარ, გიგანტურ სათამაშოსთან, თვითმფრინავთან განშორება უჭირთ. იქ არის 1500-ზე მეტი ღილაკი და ყველა არის მოქმედი. ბავშვებს კი ამ ღილაკებზე შეხების შესაძლებლობა აქვთ. ვერასოდეს დაჩრდილავს მას, ვერანაირი კომპიუტერული თამაში.

 

- გარემოს გარდა, აღზრდის განსხვავებული მეთოდი თუ გაქვთ ბაღში?

- ეს არის ბაღი, სადაც ბავშვებს მშობლები დაბადებამდე წერენ. ჩვენი მასწავლებლები სტიუარდესას ფორმით დადიან და ეს ნამდვილად სანახაობრივია. არ ვუზღუდავთ ბავშვებს არაფერს. გვაქვს დიდი ტელევიზორები და თუ მულტფილმები უნდათ, უყურებენ მულტფილმებს. თუ თამაში უნდათ, თამაშობენ, მათ აუარება სათამაშოები აქვთ. ისინი არიან სრულიად თავისუფლები და ამის დადებითი მხარე არის ის, რომ არ არიან ნერვიულები.

ზოგადად, საქართველოში, როცა ბავშვები მიდიან ბაღში, პირველივე დღეს იწყებენ მზადებას საშემოდგომო ზეიმისთვის და მშობლები აზეპირებენ ლექსებს. ეს ზეიმი დამთავრებული არ არის, სამზადისს იწყებენ საახალწლო ზეიმისთვის. მშობლისთვის საკმარისი და საამაყოა, გამოვიდეს მისი შვილი სცენზე და მოყვეს წვალებით ნასწავლი ერთი სტროფი ლექსი. მე პირდაპირ ვუთხარი ყველას, არ დავინახო არანაირი სეზონური ზეიმი, სადაც ბავშვები ნერვიულობენ, ტირიან, განიცდიან. ის ერთი წამის სცენაზე გამოსვლა, არ ღირს პატარების ნერვიულობად. ბავშვებისთვის ყოველი დღე უნდა იყოს ზეიმი და ჩვენ ასეც ვიქცევით. ვცდილობთ ყოველ დღეს გასხვავებული და მნიშვნელოვანი დღესასწაული მოვუწყოთ მათ. რა ვაკეთებთ ამისთვის? ძალიან პრიმიტიული რამ, მაგალითად სამოსი, რომელიც აცვია პატარას, ლამაზი მძივებით გავუფორმოთ და ვუთხრათ, რომ დღეს ის ფერიაა. ასე ვქმნით ჯადოსნურ ამბებს, რომელიც პატარებს აბედნიერებს. ეს არის ე.წ ჰუმანური პედაგოგიკა. ჰუმანური პედაგოგიკა დაფუძნებულია ბავშვების აღზრდის იმ მიმართულებაზე, რაც მას უნდა და სურს. არავინ იცის ბავშვზე უკეთესად, რა სურს მას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მის ე.წ თავისუფლების აღქმის გამომუშავებას. ისე ვერასოდეს მივიღებთ სასურველ შედეგს.

საერთოდ რა არის ადამიანი? ადამიანი არის ფიქრი და მეტი არაფერი. თუ ის ფიქრობს კარგზე, არის სულ კარგად, თუ ის ფიქრობს ცუდზე, არის სულ ცუდად. მოდით ვიფიქროთ კარგზე. თუმცა მასიურად ვერ იფიქრებ კარგზე. ამისათვის რა არის საჭირო? გარემო უნდა შევუქმნათ ერთმანეთს, გარემო კი არის თავისუფალი არჩევანის საშუალება. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ ბავშვი ვიღაცაზეა მიბმული, დამოკიდებული, შეჰყურებს მას, ის რას იტყვის, რომ მერე ამან გაიმეოროს... როცა ბავშვი შიშის კანკალით შეჰყურებს სხვას, ყვება ლექსს, ამ დროს არაფერი გამოვა. ის ადამიანი ყოველთვის იქნება დაჩაგრული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და აკეთოს არა ის, რაც მშობელს და მასწავლებელს უნდა, არამედ ის, რაც თავად სურს.

 

- ბოლო პერიოდში არაერთი ვიდეო გავრცელდა ატირებული პირველკლასელი ბავშვების, რომლებიც სათანადოდ ვერ გამოთქვამენ ბგერებს, სიტყვებს, ტირიან და ამას იღებენ მშობლები, შემდეგ სოციალურ ქსელში ანთავსებენ. ამ ვიდეოების ნახვისას სულ მიჩნდება კითხვა, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში სწავლა სტრესთან და ნერვიულობასთან დაკავშირებული, ან რატომ ეცინებათ ამაზე მშობლებს?

- მე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დავწერე არაჩვეულებრივი წიგნი „მშობელთა სწავლების საიდუმლო“. ჯერ მშობელს სჭირდება აღზრდა, რომ შემდეგ შვილი აღზარდოს. აღზრდა სულ სხვა რამეა, გაზრდა - სულ სხვა. მე, როგორც მეცნიერი ვეუბნები მშობელს, თქვენ არასწორად მოქმედებთ, ან ვურჩევ რაიმეს, მაგრამ არ იზიარებენ. აქვთ დამოკიდებულება, რომ მათ უკეთ იციან ყველაფერი. საერთოდ ბავშვის აღზრდა ბაგა-ბაღიდან არ იწყება, ეს იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან და მშობელს ძალიან დიდი როლი ეკისრება ამ დროს. გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ ვთქვი - მთავარია ჰუმანური პედაგოგიკა და მიდგომები. თუ გამოვიჩენთ მოთმინებას, ბავშვს მივცემთ არჩევანის საშუალებას, ის არ დაისტრესება და მივიღეთ სასურველ შედეგს.

- როგორც ვიცი ქველმოქმედებასაც ეწევით...

- ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, ყველასთვის უნდა იყოს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ პირველებმა შევქმენით ხანდაზმულ პედაგოგთა სახლი. აქ მუდმივად ცხოვრობენ ყოფილი პედაგოგები, დირექტორები. მათ აქვთ ოთხჯერადი კვება, უფასო სამედიცინო მომსახურება. თავიანთ პენსიას სურვილისამებრ იყენებენ. ამ სახლს ანალოგი არ აქვს. გარდა ამისა გვყავს ბავშვები, რომლებიც ქუჩას მოვწყვიტეთ და გამოვარიდეთ, ანუ ესენი არიან მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები. ჩვენი სოციოლოგები მუშაობენ მათთან. ასევე, გვყავს შშმ ბავშვები, რომლებსაც ვასწავლით, ვათამაშებთ, ვკვებავთ, ვაძლევთ ტანსაცმელს და ვეუბნებით მშობელს, უბრალოდ, ღამე წაიყვანონ სახლში, ჩაეხუტონ და ისე დააძინონ პატარები, რომ მშობლიური სითბო, ალერსი არ მოაკლდეთ.

წყარო: mshoblebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა