როგორ ვიკვებოთ შემოდგომაზე?
შემოდგომაზე ორგანიზმში გარდაქმნა იწყება – სიცივეებისთვის ემზადება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სპეციალური დიეტა სჭირდება, რომლის დახმარებითაც ბევრ უსიამოვნებას აარიდებს თავს – რესპირატორულ, კუჭის, ფილტვებისა და გულის დაავადებებს. ამასთან, ერთი-ორი ზედმეტი კილოგრამის მოშორებასაც შეძლებთ.
ადაპტაციის პერიოდში ორგანიზმი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება არახელსაყრელი ფაქტორებისადმი. მკვებავი ნივთიერებები უჯრედისში სათანადო რაოდენობით ვერ ხვდება და ცვლის პროცესები ირღვევა. შედეგად, ორგანიზმი ნახშირწყლებს ცუდად შეითვისებს. ამიტომ ამ პერიოდში რაციონში რაც შეიძლება ბევრი მცენარეული ზეთი, გაღივებული მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული უნდა შედიოდეს.
ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს A, C, E ვიტამინებს, სელენს, რომელსაც ხამანწკები, კიბორჩხალები და ზღვის სხვა პროდუქტები შეიცავს, ასევე საქონლის ღვიძლი და თირკმლები. ამავე სიაში შედის თხილეული, მოხარშული, მჭლე ხორცი. გაამდიდრეთ ამ პროდუქტებით რაციონი და ადვილად შეძლებთ სიცივესთან ადაპტირებას.
რადგანაც სიცივეში ცხელი კერძები გვსიამოვნებს, რამდენიმე სიტყვა, როგორ უნდა მოვამზადოთ ისინი. შემწვარი და მწარე საკვები თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც აზიანებენ უჯრედისის გარსს (მემბრანას). ამდენად ხახვისა და სტაფილოს მოხრაკვა არარეკომენდებულია.
ცვლის პროცესების დარღვევას ხელს უწყობს მოწევაც, გადაჭარბებულად ვარჯიში და ხროცეულის უზომო ჭამა. საერთოდ, ცხოველური ცილის მიღება სიცივეში არასასურველია, მაგრამ ცოტა მჭლე ხორცი, ხაჭო, კეფირი, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები ნამდვილად არ გვავნებს.
სიცივეში უმჯობესია, მცენარეული ცილა მიიღოთ – ლობიო, ბარდა, ბრინჯი, წიწიბურა. განსაკუთრებულად სასარგებლოა ცოცხალი ხახვი. მაგნიტური დღეების პერიოდში ნახევარი თავი ხახვი ან მისი წვენი წუწნეთ. რასაკვირველია, ამ პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვან შეხვედრასა და რომანტიკულ პაემანზე ვერ წახვალთ, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.
კარგია თევზის, რძისა და მცენარეული დიეტის მონაცვლეობა. თევზეული თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს, რძე და მცენარეული საკვები ორგანიზმს ტოქსინებისაგან წმენდს და ფერმენტების დროულად აღდგენას ეხმარება.
დროდადრო ვაშლისა და სტაფილოს განტვირთვის დღეები უნდა მოაწყოთ. ასეთი დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლის შედედების პროცესს აწესრიგებს. იმავდროულად ინფარქტისა და ინსულტის წარმოქმნას ეწინააღმდეგება.
კიდევ ერთი პროფილაქტიკური საშუალება სიცივეების დაწყებისას გვირილის ნახარშია. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი რამდენიმე წვეთი გვირილის ნაყენის დალევა ამინდის ჭირვეულობას იოლად გადაგატანინებთ.