ექიმები ისრაელში მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ
ისრაელის სხვადასხვა ქალაქების სასწრაფო დახმარების სამსახურები მოუწოდებს საზოგადოებას სისხლის ჩაბარებისკენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტერორისტული ჯგუფის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმისა და შეღწევის შედეგად თითქმის 300 ადამიანი დაიჭრა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.
მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მათსავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა გაუშვა.
ამასთან, ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაიხურა რამდენიმე აეროპორტი.
მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.