"მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე" - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.