თეგებით ძიება

"განმეორებით გაფრთხილებთ!“ - საქართველოს ელჩი ისრაელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია,  საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"განმეორებით გაფრთხილებთ! ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით).

ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.

შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092;

ან +972 52-8888513

და +972 54-7386813

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- წერს ლაშა ჟვანია. 

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა