ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე წამოწყებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა.
ამასთან, ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა - უწყების ცნობით, მათგან 20 ბავშვია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 1 788 პალესტინელი, მათ შორის 121 ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.