„ჰამასმა“ ტაილანდის 12 მოქალაქე მოკლა, 11 გაიტაცა - ტაილანდის საგარეო უწყება
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შაბათს დილით, „ჰამასის“ მიერ დაწყებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელში ტაილანდის 12 მოქალაქე დაიღუპა.
უწყების ცნობით, კიდევ 11 ადამიანი გაიტაცეს, რვა კი დაშავდა.
ცნობისთვის, ისრაელში დაახლოებით ტაილანდის 30 000 მოქალაქეა, ხოლო ღაზას სექტორში დაახლოებით 5 000.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.