"რთულია იმ ფაქტის გააზრება, რომ მიზანდასახული, შრომისმოყვარე და უკეთილესი მარიშა ჩვენს გვერდით აღარაა" - მარიშა გვიდანს სკოლა ემშვიდობება
ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში „ათასწლეულის სკოლა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მოდელი მათი მოსწავლე იყო.
"გუშინ ღამე, ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, რომელიც პირველი კლასიდან მოყოლებული მთელი ცხრა წელი ჩვენს სკოლაში გაატარა, სკოლის ყოველდღიურობას ახალისებდა და აბედნიერებდა, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მძიმე ტრაგედიაა ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლისთვის და თანამშრომლისთვის. რთულია იმ ფაქტის გააზრება, რომ მიზანდასახული, შრომისმოყვარე და უკეთილესი მარიშა ჩვენს გვერდით აღარაა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ მარიშას ველოსიპედით სეირნობისას ავტომობილი დაეჯახა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომაში იყო. ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და ყველა ვინც მარიშას იცნობდა იმედიანად ვიყავით, რომ მარიშა ამ დაბრკოლებასაც გადალახავდა და კვლავ გააბედნიერებდა ჩვენს ცხოვრებას.
ვუსამძიმრებთ მარიშას ოჯახს, ახლობლებს და მთლიან სასკოლო საზოგადოებას", - წერია პოსტში.