ისრაელში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დაიღუპა, რომელიც მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იყო
დაიღუპა კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. "მთავარ არხს" ინფორმაციას ოჯახის წევრები უდასტურებენ და ამბობენ, რომ ცხედარი ამოცნობილია. ამ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია ორი ქართველი ებრაელი.
"საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველშემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა", - თქვა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.