თბილისში მცხოვრებლები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს საცობში ატარებენ - "12 სართულის" კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაცია "12 სართულის" კვლევის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ადამიანები თვეში მინიმუმ 20 საათს, წელიწადში კი 240 საათს საცობში ატარებენ.
კვლევის ავტორების თქმით, დღიურად მოქალაქეებს საჭირო ადგილზე მისასვლელად მინიმუმ 1 სთ-ით მეტი დრო სჭირდებათ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოთა დედაქალაქებთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.
"საცობები არის ის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ყველას გვაწუხებს. კვლევის მეთოდოლოგია არის ორმხრივი, ერთი ეფუძნება დაშვებას - ჩვენ 5 დღის განმავლობაში ჩვენი რესურსებით დავდიოდით ქალაქში და ვითვლიდით, მაგალითად, რა დრო გვჭირდებოდა ვაჟა-ფშაველადან კავკასიის უნივერსიტეტამდე, პეკინიდან რუსთაველის გამზირამდე, ვაკის პარკიდან „ჯიპას“ უნივერსიტეტამდე პიკის საათებში და დღის სხვა მონაკვეთებში. ამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ თუ A-დან B პუნქტამდე დილით და საღამოს გვჭირდებოდა 1 სთ, დღის სხვა მონაკვეთში კი იგივე მანძილს ვფარავდით 15წთ-ში. ეს 1 სთ გადავამრავლეთ 5 დღეზე, რადგან საშუალოდ 5 დღე ვსწავლობთ ან ვმუშაობთ და მივიღეთ 240 სთ. ეს არის მინიმალური დათვლის შედეგად მიღებული რიცხვი. ადამიანები ვინც ხშირად გადაადგილდებიან და სხვადასხვა ლოკაციებს ფარავენ, მათთვის ცხადია მონაცემები იქნება განსხვავებული. რაც შეეხება მეორეს, ეს არის Google map-ის მონაცემები, რომელიც ყველაზე კარგად გვაჩვენებს და ითვლის ამ მხრივ არსებულ მონაცემებს," - განაცხადა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, ვადო მაჭავარიანმა, "საქმიანი დილის" ეთერში.