ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა
ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა, ამ დროის მონაცემებით, 800-მდე გაიზარდა.
ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 506 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათ შორის 23 მძიმე მდგომარეობაშია, 353 კი მძიმედ დაშავებულია.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
9 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ღაზაში კი დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.