ისრაელზე ეს საშინელი თავდასხმა არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი - ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არასდროს მოხდებოდა.
„ისრაელზე საშინელი თავდასხმა, ისევე, როგორც უკრაინაზე თავდასხმა, არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ამის ნული შანსია“, - აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია დაადანაშაულა ჰამასის მიერ მოწყობილ ტერაქტებში.
„ჰამასის თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი მთელი ძალით. სამწუხაროდ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარებმა ხელი შეუწყო ამ თავდასხმებს, რაც, ბევრი ანგარიშის მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციისგან მოდის. ჩვენ დავამყარეთ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებით, მხოლოდ იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ ანიავებს მას ბაიდენი იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმე წარმოედგინა. ახლაც იმავეს ვხედავთ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.