„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს
"ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1008 შეადგენს. ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ში ისრაელის ელჩზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 3418-ზე მეტი ადამიანი.
რაც შეეხება მძევლებს, რომლებიც თავდასხმის დროს „ჰამასმა“ აიყვანა, ისრაელის ინფორმაციით, მათი რიცხვი 100-დან 150-მდეა.
„ჰამასის“ ლიდერის თქმით, სანამ ბრძოლა არ დასრულდება, მძევლებზე საუბარიც კი არ იქნება.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.