მძევლების ვიდეოების საფრთხე - ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვებს TikTok-ი წაუშალონ
ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვების მობილურ ტელეფონებში სოციალური ქსელები წაშალონ - CNN წერს, რომ ამის მიზეზი, ჰამასის ტერორისტების მიერ მძევლების ვიდეოების გამოქვეყნების საფრთხეა.
თელ-ავივის ერთ-ერთი სკოლის მშობლების ასოციაციის განცხადებით, უთხრეს, რომ მოსალოდნელია ისეთი ვიდეოების გავრცელება, სადაც დაჯგუფების მიერ აყვანილი ტყვეები სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ - შეტყობინებაში მშობლებს მოუწოდეს, შვილების ტელეფონებიდან TikTok-ის აპლიკაციები წაშალონ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.