იერიში ლიბანიდან და ღაზას სექტორიდან - ისრაელს ახლა ორმაგი შეტევის ერთდროულად მოგერიება უწევს
იერიში ლიბანიდან და ღაზას სექტორიდან - ისრაელს ახლა ორმაგი შეტევის ერთდროულად მოგერიება უწევს. ლიბანის საზღვართან დილიდან ტანკები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - ისმის აფეთქებების ხმა.
სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ორი რაკეტა იქნა გაშვებული.
პარალელურად, ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ლიბანის მხრიდან ქალაქ ალ-ამშასკენ გაშვებულია ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. აღნიშნული ქალაქი მდებარეობს ე.წ. "ცისფერ ხაზთან", რომელიც გამოყოფს ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიას სამხრეთ ლიბანისაგან.
საპასუხო დარტყმა განახორციელეს ისრაელის სამხედროებმაც,შედეგად ლიბანის ქალაქი, ალ-დაჰირა დაიბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ დროისათვის აღდგენილია ბარიერი ღაზას გარშემო და საზღვარზე განლაგებულია ქვეითი ჯარი და ჯავშანტექნიკა, ასევე 300 ათასი რეზერვისტი. სარდლობაში აცხადებენ, რომ არმია სახმელეთო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ომის მეხუთე დღეს კი უპასუხო რჩება მთავარი კითხვა - როგორ ვერ შეაჩერა ისრაელის დაზვერვამ თავდასხმა? ამერიკული მედია დეტალურად აღწერს, როგორ განვითარდა პროცესები ომის დაწყების დღეს. ირკვევა რომ გაფრთხილება ღაზას სექტორში მდგომ ჯარისკაცებს გაუგზავნეს, თუმცა რეაგირება ვერ ან არ მოხდა.