ბრიტანეთში ქალს საშვილოსნო გადაუნერგეს - უნიკალური შემთხვევა
ბრიტანეთში საშვილოსნოს პირველი წარმატებული გადანერგვა ჩატარდა. დონორი პაციენტის უფროსი და გახდა. ორივე ქალი თავს კარგად გრძნობს.
თავად ოპერაცია ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც გაირკვა, რომ დებმა თავიდან აიცილეს პოტენციური გართულებები, რომლებიც შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ქირურგის თქმით, ორივე მათგანი "მეშვიდე ცაზე" იყო წარმატებული ორმაგი ოპერაციის შემდეგ, რაც უმცროს დას შვილების გაჩენის საშუალებას მისცემს.
ოპერაცია ოქსფორდის საავადმყოფოში ცხრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ორივე ქალის თხოვნაა, არ გამჟღავნებულიყო მათი სახელები. უფროსი და 40 წლისაა, ორი შვილი ჰყავს და გადაწყვიტა, აღარ გაეჩინა.
მისი უმცროსი და დაიბადა მაიერ-როკიტანსკი-კასტერ-ჰაუზერის სინდრომით (MRKH), იშვიათი განვითარების აშლილობა, რომელიც იწვევს გოგონების დაბადებას განუვითარებელი საშოთი და განუვითარებელი ან სრულიად არმყოფი საშვილოსნოთი. დაავადების პირველი სიმპტომია მოზარდ გოგონებში მენსტრუაციის არარსებობა. მსოფლიოში 5000-დან დაახლოებით ერთი ქალი იტანჯება ამით.
ამასთან, ამ სინდრომის მქონე ქალებში საკვერცხეები არ არის დაზიანებული და ნორმალურად ფუნქციონირებს, ამიტომ მშობიარობის ერთადერთი დაბრკოლება საშვილოსნოს არარსებობაა.
ადრე ასეთ პაციენტებს მხოლოდ ბიოლოგიური შვილების გაჩენა შეეძლოთ სუროგაციის გზით. ტრანსპლანტაციის წარმატება ნიშნავს, რომ ახლა მათ შეუძლიათ შვილების გაჩენა, თუმცა ბუნებრივი მშობიარობა მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია და ბავშვები საკეისრო კვეთით დაიბადებიან.
ოპერაციის დაწყებამდე უმცროს დას ჩაუტარდა ოვულაციის სტიმულაციის ორი ციკლი კვერცხუჯრედების ამოსაღებად, რომლებიც განაყოფიერდა ქმრის სპერმით ემბრიონის შესაქმნელად.
ხუთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი გაყინული იყო ისე, რომ თუ ტრანსპლანტაცია წარმატებული იქნებოდა, მათი გადანერგვა შესაძლებელი იყო დონორის საშვილოსნოში. ამ დროისთვის, გადანერგილი საშვილოსნო, წამყვანი ქირურგის პროფესორ სმიტის თქმით, "ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც უნდა".
თუ ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა წარმატებით დასრულდა, მაშინ ქალს მოუწევს იმუნოსუპრესანტების მიღება მთელი ორსულობის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოს დონორის ორგანოს უარყოფა.
წყარო: „პრაიმტაიმი“