მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
უწყების ცნობით, აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა 14 წლის გოგოს ბიძა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს, 11 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.
ამასთან, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.