„ამ ასაკის ქალბატონი, თავს უფლებას აძლევს, ახალგაზრდა მთავრობას დაუპირისპირდეს“ – თეა წულუკიანი პრეზიდენტზე
„რეალურად, [სალომე ზურაბიშვილი] დაუპირისპირდა იმ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც, იმედი მაქვს, დღესაც სამშობლოდ აღიარებს. დაუპირისპირდა მთავრობას, მაშინ, როცა მთავრობას ძალიან რთული გზა აქვს, რომელსაც ჯერჯერობით წარმატებით და ღირსეულად გადის,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელამდე გაცილებით ნაკლები მანძილია, ვიდრე დასავლეთ ევროპამდე და ჩვენ, ჩვენი ფართო გაგებით, რეგიონის აღქმა ხანდახან დაკარგული გვაქვს.
ამიტომ, რეალურად, ჩვენს რეგიონში გვაქვს ცეცხლი, თითქმის ყველა კუთხეში და ჩვენ, მთავრობას გვევალება უზრუნველვყოთ მშვიდობა, რასაც ეს ხელისუფლება, პოლიტიკური ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს.
ასევე გვევალება, რომ ყველაფერთან ერთად ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი ვაჩვენოთ, ასევე გვევალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, ასევე ბევრი რამ გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობებია და პარლამენტთან ერთად ამას ასე თუ ისე ვახერხებთ.
აი, ამ ყველაფერში, იმის მაგივრად, რომ გამოცდილი დიპლომატი, არ მიყვარს ხოლმე შეხსენება, მაგრამ – რაკი ახალგაზრდებს აქვთ უფლება, რომ ჩვენ რაღაცები შეგვახსენონ, მეც მაქვს ალბათ უფლება, რომ ჩემზე უფროს ადამიანს რაღაც შევახსენო – ამ ასაკის ქალბატონი თავს უფლებას აძლევს, რომ ახალგაზრდა თაობას ამ ქვეყნის, ვგულისხმობ მთავრობას, დაუპირისპირდეს და ხელი შეუშალოს მისწრაფებებში, მათ შორის ევროპულ მისწრაფებებში,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.