იარაღით გადამიდგა და მემუქრებოდა, რომ შვილს თავმოჭრილს ვნახავდი - მოკლული 14 წლის გოგოს დედის ჩვენება
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას დედა სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილი მასზე ასაკით უფროსს მამაკაცთან ქორწინებაზე თანხმობას აცხადებდა.
ბრალდებულის თქმით, არასრულწლოვანი შილის წამოსაყვანად მივიდა, თუმცა გამტაცებელი მას შვილის მკვლელობით დაემუქრა.
ჩემი შვილი იძულებით არავის გაუთხოვებია. ოთხჯერ იყვნენ მოსულები ხელის სათხოვნელად და თვითონ გოგოც თანხმობას აცხადებდა. ვეკითხებოდი ჩემს შვილს, უნდოდა თუ არა გათხოვება და ყოველ ჯერზე თანხმობას აცხადებდა. ჩემმა ძმამ არაფერი იცოდა, რომ მოიტაცა მე ვიყავი მისული მათთან სახლში და უკან წამოყვანა მინდოდა. ტაქსის მძღოლმა მიმიყვანა მე მათთან. იარაღით გადამიდგა და მემუქრებოდა, თუ არ წავიდოდი, მესროდა, მისი დაც უყურებდა ამ ყველაფერს. რომ დავემუქრე 120-ში დავრეკავ მეთქი, აქეთ დამემუქრა, მიჩივლებ და შენს შვილს დილას თავმოჭრილს ნახავო. მე ვიცოდი, რომ ეს ბიჭი 22 წლის იყო, თურმე ამხელა ყოფილა, - აღნიშნა ბრალდებულმა.
პროკურორი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება არასრულწლოვანის ნების წინააღმდეგ მოქმედებას ადასტურებს.
დედამ ყველა ეტაპზე იცოდა ის, რომ არასრულწლოვანს არ სურდა გათხოვება. ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს დედის განზრახვას, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ყოფილიყო გათხოვილი მასზე ასაკით უფროსს მამაკაცზე. მამა იქნება ეს, ბებია, ბიძა თუ ოჯახის სხვა წევრი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ საქმესთან ხელშემხობაში მყოფი ყველა ბრალდებულის მიმართ გატარდება უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. მამის ზუსტი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მამა სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებლად გამოიკითხება - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.