თეგებით ძიება

არსებობენ თუ არა მოჩვენებები? - რას ამბობენ მკვლევარები?

მსოფლიო კულტურათა შორის გავრცელებულია რწმენა, რომ სულები, რომლებიც სიკვდილს გადაურჩებიან, საცხოვრებლად სხვა სამყაროში გადაინაცვლებენ. სინამდვილეში, მოჩვენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარანორმალური ფენომენია. 

„მოჩვენებების არსებობის რწმენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი პარეიდოლიაა - ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც გონება რეაგირებს სტიმულზე რაიმე სახის (განსაკუთრებით, ადამიანის სახეებისა და ფიგურების) იმ ნაცნობი ნიმუშის აღქმით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ერთი გავრცელებული მაგალითია, როდესაც  ღრუბლებში სახეებს ან ფიგურებს ვხედავთ და მეორე, როდესაც ბნელ სახლში შემთხვევითი ფორმები და ჩრდილები მოჩვენებას ჰგავს“, - თქვა კლინიკურმა ფსიქოლოგმა სტივენ ჰაპმა.

ადამიანები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ სულებთან ურთიერთობას. მოჩვენების მეცნიერულად შეფასების ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ ის გასაოცრად მრავალფეროვანი ფენომენია. შესაძლოა ადამიანმა ცხადად შეიგრძნოს კარის თავისით დაკეტვა, გასაღების გადატრიალების ხმა, დერეფნის ცივ ადგილას ფიგურის მოძრაობა, გარდაცვლილი ნათესავის ხილვა...

როდესაც სოციოლოგებმა დენისმა და მიქელე ვასკულმა გამოკითხვა ჩაატარეს, მათ აღმოაჩინეს, რომ "კვლევის ბევრი მონაწილე არ იყო დარწმუნებული, რომ ისინი როდისმე შეხვედრიან მოჩვენებას და მისი არსებობა გაურკვეველი დარჩა.“ ბევრი რესპონდენტი დარწმუნებული იყო, რომ მათ უბრალოდ ჰქონიათ რაღაც აუხსნელი, იდუმალი და საშინელი შეგრძნება. 

"უამრავი გაუგებარი ფენომენია, რომლებიც გავლენას ახდენს მოჩვენებების ხილვაზე. მაგალითად, აღიარებულია, რომ ძილის დამბლა ადამიანებში იწვევს ისეთ შეგრძნებას, რომ მათ თითქოს მოჩვენება, დემონი ან უცხოპლანეტელი დაინახეს", - თქვა ჰაპმა.

პირადი გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა მეცნიერული მტკიცებულება ცალკეული საკითხია. მოჩვენებების კვლევის სირთულის ნაწილი ის არის, რომ მათ შესახებ არ არსებობს ერთი საყოველთაოდ შეთანხმებული განმარტება. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი მიცვალებულთა სულები არიან, რომლებიც რაიმე მიზეზით „იკარგებიან სხვა მხარეს“ მიმავალ გზაზე; სხვები ამტკიცებენ, რომ მოჩვენებები ტელეპათიური არსებებია, რომლებიც ადამიანის გონებიდან გადადის სამყაროში. მკვლევართა ეს ნაწილი სუბიექტურად ქმნის სხვადასხვა ტიპის მოჩვენების სპეციალურ კატეგორიებს, როგორიცაა პოლტერგეისტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგონილია, ისევე როგორც ფერიების ან დრაკონების სხვადასხვა რასის შესახებ სპეკულირება: იმდენნაირი მოჩვენებაა, რამდენიც ადამიანს უნდა, რომ იყოს.

მოჩვენებების შესახებ მოსაზრებებს შორის მრავალი წინააღმდეგობაა. მაგალითად, მოჩვენებები მატერიალურია თუ არა? შეუძლიათ თუ არა მათ მყარ ობიექტებში გადაადგილება შეფერხების გარეშე? შეუძლიათ მიაჯახუნონ კარები და მიმოყარონ საგნები ოთახში? ლოგიკისა და ფიზიკის კანონების მიხედვით, ან ერთი ვარიანტია რეალური ან მეორე. 

სხვა მკვლევარების მტკიცებით, მოჩვენებების არსებობის დაუდასტურებელი მიზეზი არის ის, რომ მათ უბრალოდ არ აქვთ შესაბამისი ტექნოლოგია სულების სამყაროს საპოვნელად ან აღმოსაჩენად. თუმცა არც ეს მიდგომაა სწორი. მრავალი ურთიერთგამომრიცხავი თეორიისა და ამ თემაზე მეცნიერული კვლევების სიმწირის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ათასობით მცდელობის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში, მოჩვენებების არსებობა ვერცერთხელ დადასტურდა. სმარტფონებზე ჩაწერილი „მოჩვენებების უახლესი აპლიკაციებით“, ერთი შეხედვით, საშინელი სურათების შექმნა და მათი სოციალურ მედიაში გავრცელება ყველაზე ადვილია, რაც მოჩვენებების მკვლევარებისთვის კიდევ უფრო ართულებს მხატვრული ლიტერატურისგან ფაქტის გარჩევას.

"ამ სამყაროში ჯერ კიდევ იმდენი რამეა, რასაც ადამიანი ვერ აღიქვამს და მათი ახსნა-განმარტებით სიცარიელის შევსება დამამშვიდებელია. ზებუნებრივი ახსნა ხშირად დამაჯერებელია მაშინაც კი, როდესაც რეალური მტკიცებულება არ არსებობს, და ეს ნდობა იწვევს ცრუ განცდას სინამდვილის შესახებ,”- თქვა სტივენ ჰაპმა. 

ალბერტ აინშტაინმა მოჩვენებების არსებობის დასაჯერებლად მეცნიერული თეორია შეიმუშავა თერმოდინამიკის პირველი კანონის საფუძველზე: თუ ენერგიის შექმნა ან განადგურება შეუძლებელია და მხოლოდ ფორმა იცვლება, რა ემართება ადამიანის სხეულის ენერგიას, როდესაც ის კვდება? შეიძლება ეს მოჩვენების სახით გამოვლინდეს? პასუხი ძალიან მარტივია და სულაც არ არის იდუმალი. ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მის სხეულში არსებული ენერგია მიდის იქ, სადაც ყველა ორგანიზმის ენერგიაა სიკვდილის შემდეგ: გარემოში. ენერგია გამოიყოფა სითბოს სახით, ხოლო სხეულს მცენარეები და ცხოველები (ანუ როცა ადამიანი დაუმარხავი რჩება - გარეულ ცხოველებს, სხვა შემთხვევაში - ჭიებსა და ბაქტერიებს გადაეცემა) შთანთქავენ.

საბოლოო ჯამში, მოჩვენებებზე მონადირეებმა ვერ იპოვეს მათი არსებობის შესახებ ადეკვატური მტკიცებულება. პირველი მიზეზი ის არის, რომ მოჩვენებები არ არსებობენ და მათ შესახებ ცნობები შეიძლება აიხსნას ფსიქოლოგიური გადახრით, არასწორი აღქმით, შეცდომებით ან სულაც ხუმრობით. მეორე ვარიანტია ის, რომ მოჩვენებები არსებობენ, მაგრამ მათზე მონადირეებს რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოსავლენად შესაბამისი მეცნიერული აზროვნება არ აქვთ.

წყარო: https://www.livescience.com/26697-are-ghosts-real.html 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა