" მე მინდა, რომ მისნაირები გადაშენდნენ" - თამარ ჩერგოლეიშვილი მოკლული 14 წლის გოგოს დედაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯის მკვლელობის ამბავი 6 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა, ის საკუთარმა 27 წლის ქმარმა ასიმ ასლანოვმა, იარაღით მოკლა. აითაჯი შაბათს, 7 ოქტომბერს დაკრძალეს. მომხდარმა შეძრა საქართველო.
მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნულ ფაქტს „ტაბულას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ 14 წლის მოკლული გოგონა თაობათა და ფასეულობათა ომის ერთგვარი სიმბოლოცაა.
"14 წლის მოკლული გოგონა თაობათა და ფასეულობათა ომის ერთგვარი სიმბოლოცაა.
დედამისს სურდა, ის მისნაირი ყოფილიყო.
აითაჯ შახმაროვა არ იყო დედამისისნაირი.
დედამისისგან განსხვავებით, მას არ უნდოდა მსხვერპლი ყოფილიყო.
ის წინააღმდეგობას უწევდა ქალებზე ძალადობის დრომოჭმულ ტრადიციას და მოკლეს.
სქესი არ აქვს ბოროტებას.
უმეტესად, ბოროტება თავადაც მსხვერპლია - მაგრამ ეს ბოროტებას მხოლოდ ხსნის და არ ამართლებს.
და რაც მთავარია, ძალიან ხშირად, ბოროტება ძალიან “ნორმალურია” - დედის, ან მამისნაირი.
შვილებთან ურთიერთობაში ყოველთვის მახსოვს, რომ მათში ძალიან ბევრი ჩემია, მაგრამ ისინი მე არ ვარ.
მსგავსების მიუხედავად, ჩემი შვილები ჩემგან განსხვავებულები ადამიანები არიან.
ისინი ჩემგან განსხვავებულ გარემოებებში და დროში გაიზარდნენ.
მათ ჩემგან განსხვავებული იდენტობა, სურვილები და მისწრაფებები აქვთ.
მგონია, რომ თუ ეს მემახსოვრება, არასოდეს გადავიქცევი ჩემი შვილებისთვის ბოროტებად.
დედაშვილობა ინტიმური საკითხია და არ მივცემ თავს უფლებას სხვებს მივცე რჩევა, მაგრამ მგონია, რომ ამ ჭეშმარიტების გაცნობიერება კარგი ფილტრია შვილებთან ურთიერთობაში.
ახლა რაც შეეხება დედას.
შვილისთვის ბოროტებად მოვლენილი დედა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაამწესა.
საზოგადოების ნაწილი ხარობს, ფიქრობს რომ სამართალმა იზეიმა.
სინამდვილეში აითაჯის დედის წინასწარ პატიმრობას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლინჩის წესით დასჯის სუნი ასდის.
წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ზომაა და არა სასჯელი.
ჩემთვის, აითაჯის დედა ფასეულობათა ომში ბოროტების მხარეს წარმოადგენს და ის, ფართო გაგებით ჩემი მტერია - მე მინდა, რომ მისნაირები გადაშენდნენ.
მაგრამ ერთია მე რა მინდა.
მეორეა რას მოითხოვს მართლმსაჯულება.
სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის ეს ქალი უდანაშაულოა იქამდე, სანამ ბრალი არ დაუდასტურდება სამართლიანი პროცესით.
მე შეიძლება მეგონოს დამნაშავე და ამაზე ვილაპარაკო - მე ამ ქალის უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, იმიტომ რომ მე არ ვარ სასამართლო, არ მაქვს სასამართლოზე პირდაპირი გავლენა და შესაბამისად, არ მაქვს ამის უნარი.
მაგრამ სასამართლოს უდანაშაულო, ანუ მხოლოდ ბრალდებული და არა მსჯავრდებული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ ამ ადამიანის თავისუფლება მართლმსაჯულებას შეუქმნის საფრთხეს - გაიქცევა, მტკიცებულებებს გაანადგურებს, რეციდივის აშკარა საფრთხეა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქალის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე ნულის ტოლია და ეს ქალი ციხეში მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად წავიდა და არა კანონის მოთხოვნით.
იმის გამო, რომ ჩვენთან არ არსებობს სამართლიანი სასამართლოს ტრადიცია, ირღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, იმიტომ რომ ის უკვე დამნაშავედაა გამოცხადებული ამ გადაწყვეტილებით.
თუ გვინდა ცივილიზებულ საზოგადოებად ვიქცეთ და 14 წლის ბავშვები იძულებით ვერ "გაათხოვონ“, ჩვენ ლინჩის წესით მართლმსაჯულებაზე უარი უნდა ვთქვათ და სამართლიანი სასამართლო დავამკვიდროთ, რომელიც ბოროტებასაც სამართლიანად გაასამართლებს.
ასე მოვიგებთ ფასეულობათა ომს და ასე დავიცავთ შვილებს საკუთარი თავებისგან", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.