პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა. როგორც სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი აწესრიგებს საზოგადოებისთვის ცნობილ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც პრეზიდენტის შეფასებით, შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს.
„სრულდება წლების განმავლობაში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, როდესაც ახალგაზრდებს სავალდებულო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახლდათ. ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი.
სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირერიცხოვანი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებს. ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისათვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.
ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც, გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც, საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, - განაცხადა დავით თევზაძემ.