პოლონეთში საქართველოს მოქალაქე სასტიკი ცემის შედეგად გარდაიცვალა
პოლონეთში 31 წლის ყაზახეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე ლევან ს. სასიკვდილოდ სცემა. ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ ყაზახეთის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯა, თუმცა, განაჩენი საბოლოო არ არის. მას, ასევე, დაევალა კომპენსაციის გადახდა გარდაცვლილის მეუღლისთვის.
ყაზახეთის მოქალაქე დანაშაულს აღიარებს. როგორც ირკვევა, ბრალდებული და მსხვერპლი ჰოსტელში თანაცხოვრობდნენ, ხოლო შელაპარაკება საცხოვრებლის დალაგების თაობაზე მოუვიდათ. მსხვერპლი ბრალდებულს ბინის დალაგებას სთხოვდა, ხოლო კამათის შემდეგ საკუთარი ნივთები ჩაულაგა და დერეფანში დაუდო. ყაზახეთის მოქალაქის ვერსიით, ქართველი დანით ემუქრებოდა.
სასტიკი ცემის შედეგად, ქართველს სახე შეშუპებული და სისხლიანი ჰქონდა, ხოლო ნეკნები ჩამტვრეული. ის თავის ოთახში იწვა და სასწრაფოს მოსვლას ელოდა, რომელიც ჰოსტელის ერთ-ერთმა ბინადარმა გამოიძახა. ამ დროს ბრალდებული - როგორც მან განმარტა - აბაზანაში და დერეფანში სისხლის კვალს რეცხავდა. მალე ნაწამები ქართველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.