იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული 14 წლის გოგო სწავლობდა, საავადმყოფოშია მოთავსებული
იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვა სწავლობდა, გამოკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოშია მოთავსებული.
მისი თქმით, დმანისის რესურსცენტრში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების კითხვებს პასუხობდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
"განათლების სამინისტროდან იყვნენ მოსულები. მაგ თემასთან დაკავშირებით“, - ამბობს დმანისის ზემო ყარაბულაღის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ისმაილოვი.
მისი თქმით, სკოლის ადმინისრაციამ არაფერი იცოდა არასრულწლოვნის მოტაცების შესახებ და მათ გოგონას დედამ არ უთხრა, რატომ აცდენდა მისი შვილი სკოლას.
„5 ოქტომბერს მოვიდა, ორ დღეში იქნება ჩემი შვილი სკოლაშიო. სხვა არაფერი არ უთქვამს“, - ამბობს ჰამლეტ ისმაილოვი.
დმანისის ზემო ყარაბულაღის საჯარო სკოლის დირექტორი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება პროკურატურა აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას, რომლებსაც რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.