ჯანმოს ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს
გაეროს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის თვითმფრინავი, რომელზეც ღაზას სექტორისთვის განკუთვნილი მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობაა ეგვიპტეში დაეშვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი არიშში, ღაზას საზღვრიდან 45 კილომეტრში დაეშვა. როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, ორგანიზაცია მზად არის მედიკამენტების ღაზაში შესატანად, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცემა.
მანამდე გებრეიესუსმა ეგვიპტეს პრეზიდენტთან, აბდელ ფატა ელ-სისისთან გამართა მოლაპარაკებები, რომლებზეც მხარეებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხი განიხილეს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.