"ტიროდა და დედას სთხოვდა შველას...“ - მოკლული 14 წლის გოგოს ბებიის ექსკლუზიური ჩვენება (ვიდეო)
ბავშვობა წართმეული და მოკლული 14 წლის გოგო უკვე დაკრძალეს. მკვლელობისთვის დაკავებულია ქმარი, იძულებით გათხოვებისთვის დედა და ბიძა, დანაშაულის დაფარვისთვის მეორე ბიძა და ბიძაშვილი - გამოძიება გრძელდება. ბებიის ჩვენების საფუძველზე, გისოსებს მიღმა შესაძლოა ოჯახის სხვა წევრებიც აღმოჩნდნენ.
"კურიერი P.S."-მა ექსკლუზიურად მოკლულის ბებიის ჩვენება მოიპოვა. სწორედ ბებიაა ის, ვინც შვილმოკლული დედა ამხილა და თქვა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, გოგო დედამ მშობლიურ სახლში არ დააბრუნა.
"ჩემი შვილი ნატიკ მაგარამოვი არის მწყემსი. იგი მუშაობდა ალიმ სადიკოვთან. შარშან გავიგე რომ ჩემს მეორე შვილს, ეგანა მაგარამოვას სურდა მისი შვილის აითაჯის ალიმ სადიკოვზე გათხოვება. იმ პერიოდში ბავშვი მხოლოდ 13 წლის იყო. უნდოდა თუ არა გათხოვება - აითაჯისთვის დედამისს არაფერი უკითხავს.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას და აითაჯს შეხვდა ალიმ სადიკოვი და მალევე გაქრნენ მისი თვალთახედვიდან. აითაჯმა იმ დღეს დედას ვიღაცის ტელეფონიდან დაურეკა, და უთხრა, რომ გამოპარულია საგარეჯოში იმ სახლიდან, სადაც სადიკოვმა წაიყვანა. საუბრის დროს აითაჯი ტიროდა და დედა სთხოვდა შველას. ეგანა კახეთში ძმებთან ერთად წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება იქნებოდა ოჯახის სირცხვილი.
აითაჯს არ სურდა დარჩენა. მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინა, რადგან ბავშვს მათი აზრით, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა," - ამბობს ბებია ჩვენებაში.
აითაჯ შახმაროვა გამონაკლისი არ არის. მხოლოდ 2020-2022 წლებში, 400-ზე მეტი ბავშვი იძულებით გაათხოვეს. უმეტესმა მათგანმა სკოლაში სიარული შეწყვიტა და განათლებასა და განვითარებაზე უარი თქვა.