„სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა...“ - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონას გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც თვითმხილველები „ამბები.ჯი“-სთან აცხადებენ, სავარაუდოდ, გოგონას წარსული ტრავმიდან გამომდინარე, ფიქიკური პრობლემები დაეწყო.
"როგორც ახლობლები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გოგონაზე ბაბუამ იძალადა, მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სამართალდამცავებს მოუწევს გაარკვიო ზუსტად რა მოხდა, უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა... ბაბუა, რომელიც 2 წლის წინ დააკავეს, 16 წელი აქვს მისჯილი. დედა და 2 შვილი კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მე-8 სართულზე ცხოვრობდა. დედაც ამბობს, რომ გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გოგონას გადმოვარდნას არავინ შესწრებია, ხმაურზე (დაცემის ხმაზე) გამოვიდნენ მეზობლები და ის სისხლის გუბეში ნახეს. მათ მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც გოგონა გარდაცვლილი დახვდა. გადმოვარდა, თუ გადმოხტა, ჯერ არავინ იცის“ - ამბობენ გოგოს მეზობლები.
ცნობისთვის, 14 წლის გოგონა მეზობლებმა გუში, გვიან ღამით, კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში და სისხლის გუბეში ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გოგონას სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში - 2 წლის წინ არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა.
მოზარდის ჩვენების საფუძველზე, 2021 წლის ოქტომბერში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, სსკ-ის 11 პრიმა და 137-ე მუხლებით წარდგენილი ბრალის საფუძველზე, გოგონას ბაბუა დააკავეს.
პროკურატურამ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარუდგინა.
როგორც ამბობენ, მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ჩაერთული იყო ფსიქოლოგი.
2022 წლის 12 სექტემბერს, შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.