„ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალი იმყოფება - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი კონტრადმირალ დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე 199 მძევალი იმყოფება.
მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია 119-ვე მძევლის ოჯახს მიაწოდეს.
ამასთან, ჰაგარი ამბობს, რომ მძევლებს შორის, რომლებიც ჰამასის ტერორისტებმა ღაზაში წაიყვანეს დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ, არიან - მოხუცები, ბავშვები და ქალები. სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია ჰამასის მიერ ღაზას სექტორში მძევლების ადგილსამყოფლის შესახებ.
„ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა ჰაგარმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.