მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს თმაზე მოქაჩა, სკოლიდან გაუშვეს
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა, როელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან“ – გვითხრა სკოლის დირექტორმა. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„ჩვენთვისაც ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი“- ამბობს ნანი ცივაძე.
დირექტორის განმარტებით, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მასწავლებლის მხრიდან სკოლის დატოვებას. ინფორმაცია ფაქტის შესახებ პირველად TV 25-მა გაავრცელა.