"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო...“ - კანადაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
კანადაში, ქართველი ემიგრანტი, კახა მამულაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო კახა. გლოვა ჩამოსახლდა შენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში ჰგონია ყველას ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი. შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში… წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი ოჯახი.
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა გეცოცხლა? რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი. მეხის გავარდნას ჰგავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი. შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი”, – წერს შოთო სიხარულიძე.