"14 წლის გოგონა, რომელმაც ბავშვი გააჩინა, სკოლაში დედის მოთხოვნით აღარ დადიოდა“ - ბოლნისში მომხდარი ამბის დეტალები (ვიდეო)
გოგონა, რომელიც 13 წლის ასაკში ზრდასრულ მამაკაცზე გაათხოვეს, დედა გახდა. არასრულწლოვანმა მარნეულში, „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში ნაადრევად იმშობიარა.
„კურიერთან“ ინტერვიუში ექიმები ამბობენ, რომ ახალშობილი გულის პრობლემებით დაიბადა, რის გამოც მისი სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
14 წლის დედა კლინიკიდან უკვე გაწერეს. სტაბილურად მძიმეა თბილისში გადაყვანილი ჩვილის მდგომარეობა.
სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონას მასწავლებლები. დღეს პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა სკოლის დირექტორმაც.
ის ამბობს, რომ დედის მოთხოვნით გოგონას მოსწავლის სტატუსი გასული წლის დეკემბერში შეუჩერდა.
მშობელმა სკოლიდან წასვლის მიზეზად ოჯახის საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში მოზარდი უკვე თანასოფლელი მამაკაცის სახლში ცხოვრობდა.
ბოლნისში მეზობლები ადასტურებენ, რომ გოგონა 13 წლის ასაკში მოიტაცეს და 22 წლის მამაკაცზე დანიშნეს.
ნაადრევი ქორწინება პრობლემა არ ყოფილა არც საქმროსთვის და არც არასრულწლოვანის ოჯახისთვის.
არასრულწლოვანის ოჯახი ნაადრევ ქორწინებაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა ჩვენება უკვე მისცეს პოლიციას. ფაქტის შესახებ იციან, თუმცა საუბარს ერიდებიან. ქმრის ახლობლები და თანასოფლელებიც.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.