24 ოქტომბერს პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება
24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტთთან, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია „აფხაზური ამბები“.
„ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია, საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ. ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას“, — ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.
ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია.
დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბებუა უკვე 3 წელია უკანონო პატიმრობაშია.
ბებუას ოჯახის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.