არ დავუშვებთ „ჰამასისა“ და პუტინის გამარჯვებას - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა არ დაუშვებს „ჰამასის“ ან ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას და ახსნა, რატომ უნდა დაეხმაროს ამერიკა თავის მოკავშირეებს ქვეყნისგან შორეულ კონფლიქტებში.
ბაიდენი მიმდინარე მოვლენებს „ისტორიის გადამწყვეტ წერტილს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს.
თავის გამოსვლაში ბაიდენმა დაუჭირა მხარი ისრაელის ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია არ წარმოადგენს პალესტინელებს, რომელთა ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლების დაცვის ერთგული რჩება აშშ.
„ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, გულდაწყვეტილი ვარ პალესტინელთა სიცოცხლეების ტრაგიკული დაკარგვით, მათ შორის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით, რაც ისრაელს არ გაუკეთებია. ჩვენ ვგლოვობთ თითო უდანაშაულო ადამიანის დაკარგვას. ვერ უგულვებელვყოფთ უდანაშაულო პალესტინელებს, რომლებსაც მშვიდობაში ცხოვრება სურთ“, – ციტირებს მის განცხადებას თეთრი სახლი.
ისრაელზე თავდასხმაზე საუბრისას ბაიდენმა გაიხსენა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაც უკრაინაში და თქვა, რომ პუტინი და „ჰამასი“ სხვადასხვანაირი საფრთხეებია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – მეზობელი დემოკრატიის სრულ განადგურება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ ესმის მათი კითხვა – ამერიკისთვის რატომაა მნიშვნელოვანი ომები სადღაც შორს. ბაიდენის თქმით, მათზე აშშ-ის თავდაცვის პირველი ხაზი გადის – თუკი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამაზე არ გაჩერდება, მიიჩნევს იგი.
„ისტორიამ მასწავლა, რომ როცა ტერორისტები არ იხდიან ტერორის, დიქტატორები კი აგრესიის ფასს, ისინი იწვევენ მეტ ქაოსსა და განადგურებას. ისინი აგრძელებენ, და [მათი ქმედებების] ფასი ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იზრდება.
ასე რომ, თუ არ შევაჩერეთ პუტინის მადა, მარტო უკრაინას არ დასჯერდება. პუტინი უკვე დაემუქრა პოლონეთს იმის „შეხსენებით“, რომ პოლონეთის დასავლეთ ნაწილი რუსეთის საჩუქარია.
ევროპის გარეთ თვალს გვადევნებენ მოკავშირეებიც და მოწინააღმდეგეებიც. აკვირდებიან ჩვენს ნაბიჯებს უკრაინაში. თუკი ხელს დავიბანთ და პუტინს უკრაინის დამოუკიდებლობის განადგურების საშუალებას მოვცემთ, აგრესორობის სხვა სურვილებიც მოინდომებენ იმავეს ცდას. კონფლიქტისა და ქაოსის რისკი კი მსოფლიოს სხვა წერტილებში გაიზრდება“, – ამბობს იგი.
ბაიდენმა დაამატა, რომ აშშ-ის კონგრესს ამერიკის მოკავშირეების დასახმარებლად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. იგი ხაზს უსვამს, რომ ეს კარგი ინვესტიციაა ამერიკის ინტერესებში.
წყარო: „ნეტგაზეთი“