„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას - ანტონიუ გუტერეში
"ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.
„ისრაელმა უნდა დაინახოს, რომ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა იყოს დაკმაყოფილებული, პალესტინელებმა კი, უნდა დაინახონ, რომ მათი ლეგიტიმური მისწრაფება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის შესახებ რეალიზებულია“, - აღნიშნა გუტერეშმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.