ქუჩაში რამდენჯერმე ვნახე ტელეფონში ჩავარდნილი ძიძა, სულ რომ ამომეცალა ბავშვი ეტლიდან, ვერაფერს შეამჩნევდნენ- თეა გვასალია
ნელ-ნელა ყველა ინტერნეტდამოკიდებული გავხდით - ჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
სხვადასხვა ჯგუფში დედების განცხადებები რომ მხვდებოდა, რომლებიც ძიძას ეძებდნენ და პირველ პუნქტად უთითებდნენ, ფეისბუქდამოკიდებული არ უნდა იყოსო, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ ქუჩაში რამდენჯერმე რომ ვნახე ტელეფონში ჩავარდნილი ძიძა, სულ რომ ამომეცალა ბავშვი ეტლიდან და გზა გამეგრძელებინა, ვერაფერს შეამჩნევდნენ, იმ დედებსაც გავუგე🙂. მაგრამ მარტო ძიძები? ნელ-ნელა ყველა ინტერნეტდამოკიდებული გავხდით. შარშან, ზამთარში, ერთ ღამეს ემერჯენსიში მოვხდი, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კლინიკაში. არაფერი საშიში, უბრალოდ ისეთმა თავბრუსხვევამ გამაღვიძა, მეგონა დედამიწა ორბიტას მოწყდა და უთავბოლოდ დავქროდით კოსმოსში, მაგრამ რომ ვნახე, ჩემს მეტს ყველას მშვიდად ეძინა, სასწრაფო გამოვიძახე და მორჩილად გავყევი კლინიკაში. ღამის მორიგედ რომ ნობელიანტი პროფესორი არ დამხვდებოდა, კი ვიცოდი, მაგრამ დავიწვი იმ ბიჭის საცოდაობით, კითხვებს რომ მისვამდა და მერე ერთი საათი გუგლავდა ჩემს პასუხებს ადეკვატური დიაგნოზის ძიებაში. ოღონდ ყველაფერი მკითხა, იმის გარდა რამე მედიკამენტს ხომ არ ვიღებდი. რადგან, როგორც მოგვიანებით მივხვდი ჩემით, ეს თავბრუსხვევა ერთი წამლის გვერდითი მოვლენა იყო, რაც მეორე დღეს იმ წამლის დამნიშნავმა ექიმმაც დამიდასტურა.
ნანახი მყავს ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები, მათი დედები, მამები, ბებიები, გამყიდველები, მძღოლები, სახელმწიფო მოხელები, მუსიკოსები და სპორტსმენები. დღეს კი ვნახე ადამიანი, რომელიც ტელეფონდამოკიდებულებამ ვირტუოზად აქცია: მანქანა წავიყვანე გასარეცხად და აღფრთოვანებულმა ვუყურე, რა ოსტატურად რეცხავდა ბიჭი ჩემს მანქანას ცალი ხელით, რადგან მეორეში ტელეფონი ეჭირა, რომლისთვისაც მთელი ის პერიოდი თვალი არ მოუშორებია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მე თვითონაც, ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, ჩემი ტელეფონიდან რომ ავწიე თავი, რათა მენახა კიდევ რამდენ ხანს მომიწევდა ლოდინი. მე მურაკამის სამადლობელ სიტყვას ვუყურებდი, რომელიც ესპანეთში, ოვიედოში, ასტურიის პრინცესას პრემიის მიღების შემდეგ წარმოთქვა და ის რას უყურებდა ნეტავ ასეთ საინტერესოს, რომ ამხელა მანქანა ისე გასაპნა, გარეცხა, გაამშრალა და სავარძლებზე მტვერსასრუტი გადაატარა, რომ ზედაც არ შეუხედავს და მარცხენა ხელი საერთოდ არ გამოუყენებია? _ წერს თეა გვასალია.