თეგებით ძიება
23. 10. 2023 მსოფლიო

სახმელეთო ოპერაცია, შესაძლოა, 3 თვე გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება - იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის მომავალი სახმელეთო შეტევა ღაზას სექტორში შესაძლოა სამი თვე გაგრძელდეს, თუმცა, წარმატების შემთხვევაში, ეს „ჰამასის“ განადგურებისთვის წამოწყებული უკანასკნელი მოქმედება იქნება.

„ეს უნდა იყოს ბოლო [სახმელეთო] მანევრი ღაზაში, იმ მარტივი მიზნით, რომ, როდესაც ის დასრულდება, „ჰამასი“ აღარ იარსებებს. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი, ორი ან სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე საჰაერო იერიშები გაგრძელდება.

„სანამ მტერი ჯავშანსატანკო და სახმელეთო ძალებს შეხვდება, მათ საჰაერო ძალების ბომბებთან შეხვედრა მოუწევთ“ - დასძინა მან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა